მოსწავლის ადაპტაცია
ადაპტაციის არსი
ადაპტაციის პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის სკოლაში ადაპტაციას და გააადვილოს სასკოლო პროცესში პირველკლასელთა და მობილობის წესით გადმოსული მოსწავლეების ჩართულობა. ამასთან, აღნიშნული წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, რომლებიც სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას ართულებს ენობრივი ბარიერის არსებობა.
ეს წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოსწავლეს, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისგან დამოუკიდებლად, გააჩნია სასკოლო პროცესთან ადაპტაციის პრობლემები.
ტერმინები განიმარტება სკოლის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე და აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადაპტაცია – მოსწავლის უნარი, შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
ბ) დეზადაპტაცია – მდგომარეობა, როდესაც მოსწავლე ვერ ეგუება სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ვერ ამყარებს წარმატებულ კომუნიკაციას სასკოლო საზოგადოებასთან და არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის პრინციპები და მნიშვნელოვანი ფაქტორები
მოსწავლის სასკოლო პროცესში ადაპტაციისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები:
ა) მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი;
ბ) უფროსი და-ძმის გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სასწავლო დატვირთვის ინტენსივობა და საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე – ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. განსაკუთრებით კი სწავლების საწყის ეტაპზე. აღნიშნულმა არ უნდა დააზიანოს
მოსწავლის თვითშეფასება და არ უნდა უბიძგოს მას ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც ხელს შეუშლის მისი აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბებას;
დ) იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც გააჩნიათ ენობრივი ბარიერი ან კულტურული განსხვავებულობა, აუცილებელია, მასწავლებელმა მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. ამ დროს, განსაკუთრებით დიდია კლასის დამრიგებლის როლი. მან უნდა სცადოს, რომ თუნდაც თანამედროვე თარგმნის საშუალებების გამოყენებით, გააცნოს მოსწავლეებს კონკრეტული კულტურის ზოგადი მახასიათებლები მათთვის საინტერესო კუთხით, გამოხატოს პატივისცემა იმ კონკრეტული კულტურის მიმართ, დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია მოსწავლესთან და წაახალისოს სხვა თანაკლასელებიც, ჩართონ იგი საერთო აქტივობებში, როგორიცაა ჯგუფური დავალებები, სხვადასხვა სახის თამაშები და ა.შ.
ე) დამრიგებლის როლი – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყარონ კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჯგუფურ დავალებებს, თამაშებს და სხვა ისეთ აქტივობებს, სადაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები და ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია.
ვ) მშობლის ფაქტორი – მოსწავლის სკოლაში ადპტაციისათვის უმნიშვნელოვანესია მშობლის ჩართულობა. უმეტესად, მოსწავლის დეზადაპტაციის ნიშნები სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სკოლაში. ამდენად, მოსწავლის მშობელი მყისიერად უნდა იქნას ინფორმირებული მოსწავლის ადაპტაციისა თუ დეზადაპტაციის ტემპების შესახებ, რათა დროულად იქნას
დეზადაპტაციის ნიშნები გამოვლენილი და მოსწავლეს გაეწიოს შესაბამისი დახმარება; ზ) მოძღვრის როლი – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს გამოუვლინდება დეზადაპტაციის ნიშნები, სასურველია მოსწავლეზე მოძღვრის ან მოწვეული ფსიქოლოგის დაკვირვება და შემდგომი აქტივობების დაგეგმვა;
თ) საორიენტაციო ვიზიტი – სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან პირველივე დღეს უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს დათვალიერება, გაცნობა, მოსწავლისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მიწოდება.
პირველკლასელთა ადაპტაცია
პირველ კლასელის ადაპტაციისათვის, პირველ რიგში, სასურველია ბავშვისთვის სკოლის შესახებ პოზიტიური განწყობის შექმნა;
მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები. ადაპტაციას შესაძლებელია ხელი შეუწყოს დაგეგმილმა თამაშებმა, მოსწავლისათვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებამ, სასურველი
ქცევის წახალისებამ, თანაკლასელებთან კომუნიკაციამ, წყვილსა და ჯგუფში მუშაობამ, ეზოში დაგეგმილმა და დაუგეგმავმა თამაშმა და ა.შ.
სსსმ მოსწავლეთა ადაპტაცია
სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ადაპტაციისთვის საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ-ემოციური, წინა აკადემიური, უნარების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებურებების და პიროვნული მახასიათებლების ცოდნა. სკოლა აღნიშნულ ინფორმაციას მოიპოვებს ბავშვის ოჯახთან თანმიმდევრული კომუნიკაციით. ობიექტურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოს მორგების რეკომენდაციები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეგისტაციის შემთხვევაში, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები (მაგალითად ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საჭიროებები), რათა მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თავისუფლად გადაადგილება.
რიგ შემთხვევებში, შეიძლება გამოიკვეთოს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების მობილიზების საჭიროებაც (სპეციალური მასწავლებელი, ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი და სხვა). აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უნდა მოხდეს სათანადო სპეციალისტების შერჩევა.
მნიშვნელოვანია, სკოლის მხრიდან მშობლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. ასევე, თუ რა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ სკოლაში, როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი, როგორ მოხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლება.
მობილობით გადმოსული მოსწავლის ადაპტაცია
კლასის დამრიგებელი, აღმასრულებელი დირექტორი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს კლასის მასწავლებლებს;
დამრიგებელი, აღმასრულებელი დირექტორი ახლად ჩარიცხულ მოსწავლეს აცნობს თავის უფლება-მოვალეობებს, შინაგანაწესს, მოსწავლის ქცევის კოდექსს და სხვა საჭირო შიდა აქტებს, ასევე, სკოლაში ქცევის ზოგად წესებს და უსაფრთხოების ინსტრუქციებს;
ახალი მოსწავლეს პირველივე გაკვეთილზე (ან დასვენებაზე) დამრიგებელი აძლევს საკუთარი თავის წარდგენის საშუალებას;
თვითმმართველობის თავმჯდომარე უზრუნელყოფს ახლადჩარიცხული მოსწავლისათვის სასკოლო გარემოს დათვალიერებას (სააქტო დარბაზის, ლაბორატორიების, კაბინეტების, ეზოს და სხვა ტერიტორიების გაცნობას);
დამრიგებელი წინასწარ აცნობს კლასის მშობლებს ინფორმაციას ახალი მოსწავლის შესახებ (შესაძლებლობის შემთხვევაში მოსწავლეებსაც ესაუბრება);
დამრიგებელი მუდმივ კომუნიკაციაშია ახალ მოსწავლესა და მის მშობელთან და იგებს ინფორმაციას მოსწავლის განწყობისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
სასურველია სასწავლო წლის დასაწყისში მოეწყოს სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიები, სადაც არაფორმალურ გარემოში, თამაშითა და სხვა აქტივოებებით ხდება მოსწავლეთა უკეთ გაცნობა და ადაპტაცია.
წარმატებული ადაპტაციის ნიშნები
სასკოლო პროცესთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნებია, თუ მოსწავლე: ა) მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
ბ) სწრაფად ამყარებს კომუნიკაციას თანაკლასელებთან, რაც შეიძლება გამოხატული იყოს მათთან თამაშით;
გ) სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
დ) მშვიდად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს, საჭიროების შემთხვევაში სვამს შეკითხვებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
ე) სიამოვნებს სკოლაში წასვლა და სკოლისათვის მზადების პროცესი;
ვ) მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
ზ) არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები; თ) საჭიროების შემთხვევაში სკოლის პერსონალს სთხოვს დახმარებას.
რეკომენდაციები მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მშობელს და განემარტოს, რომ მოსწავლეს არ გააჩნია დეზადაპტაციის ნიშნები.
მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას არ არის საჭირო დამატებითი სპეციალური ღონისძიებების გატარება. თუმცა, აუცილებელია, მოსწავლე წახალისდეს პოზიტიური კომენტარებითა და უკუკავშირით.
დეზადაპტაციის ნიშნები
დეზადაპტაციის ნიშნებია:
ა) მოსწავლის სწრაფად და ხშირად გადაღლა;
ბ) მოსწავლის აშკარად გამოხატული შფოთვა სკოლაში წასვლის წინ;
გ) მოსწავლე შესაძლოა ხშირად უჩიოდეს თავის ტკივილსა და უმადობას; დ) მოსწავლეს არ ჰყავს მეგობრები სკოლაში;
ე) მოსწავლე ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მასწავლებლების მოთხოვნების მიმართ; ვ) მოსწავლე თავს არიდებს თანაკლასელებთან კონტაქტს;
ზ) მოსწავლეს უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ/არ იცავს სასკოლო წესებს; თ) მოსწავლის მხრიდან საგაკვეთილო პროცესზე სრულყოფილად დასწრების თავის არიდება/საგაკვეთილო პროცესიდან გათავისუფლების ხშირი მცდელობა.
დეზადაპტაციის პროცესისას განსახორციელებელი ღონისძიებები
დეზადაპტაციის პროცესისას მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნას მოსწავლის სასკოლო პროცესში ჩართულობის პროცესი, რასაც უნდა მოყვეს მშობლის დაუყოვნებლივი შეტყობინება და პროცესში ჩართვა.
ადაპტაციის პროცესში შესაძლებელია ჩართულ იქნას სკოლის ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი და მოძღვარი, საჭიროების შემთხვევაში უნდა დააკვირდეს მოსწავლის ქცევას, უნდა გამართოს გასაუბრება, როგორც ინდივიდუალურად მოსწავლესთან, ისე დამრიგებლის თანდასწრებით მშობელთან. ასევე, ფსიქოლოგმა და დამრიგებელმა ან საგნის მასწავლებელმა კლასთან გარკვეული აქტივობის ჩატარების გზით უნდა სცადოს მოსწავლეების დაახლოება.
აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში ხელი შევუწყოთ მოსწავლეს, ირწმუნოს საკუთარი ძალების, ჩამოუყალიბოს ადეკვატური თვითშეფასება და ჰქონდეს მოტივაცია.
კლასის დამრიგებლის მხრიდან მშობელს უნდა განემარტოს, რომ მოსწავლის წარუმატებლობამ არ უნდა გააღიზიანოს იგი. ამ დროს მოსწავლეს სჭირდება პოზიტიური განწყობები და რაც შეიძლება ნაკლები სტრესი. ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად რეალური შედეგისა, შესაძლებელია მოსწავლე იქნას წახალისებული დადებითი კომენტარებით და შექებით.
სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. მოსწავლის დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ უზრუნველყოს მოსწავლის დღის რეჟიმის ორგანიზება. მოსწავლეს უნდა რჩებოდეს დრო თამაშისთვის, გართობისათვის,
მისთვის საინტერესო მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმების სანახავად, სასეირნოდ, სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის და ა.შ.
მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ მოსწავლე კვირის რამდენიმე დღის განმავლობაში დააკავოს ფიზიკური აქტივობით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის სტრესის დონის კლებასა და სიჯანსაღეს.
მშობელს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, რომ არავის შეადაროს საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება მოსწავლეს დავაკარგვინოთ საკუთარი თავის რწმენა და თვითშეფასებაც დავუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ მოსწავლის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან და სასურველია, თუ ეს მოხდება მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში.