სიახლეები

        • 🎓 გილოცავთ სტუდენტობას! 🎓
          • 🎓 გილოცავთ სტუდენტობას! 🎓

            05/09/2026

            ჩვენი სკოლის სახელით გულითადად ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! ❤️
            დღეს თქვენი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. წინ გელოდებათ ახალი ცოდნა, შესაძლებლობები, მეგობრები, გამოწვევები და უამრავი საინტერესო თავგადასავალი.
            გვჯერა, რომ იმ ღირებულებებსა და ცოდნას, რომლებიც ჩვენს სკოლაში შეიძინეთ, მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებთ და თქვენი წარმატებით კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ.
            გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, საინტერესო გამოცდილებებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს! ✨
            ამაყად გიყურებთ და ყოველთვის გვეამაყებით!
            წარმატებები, ჩვენო კურსდამთავრებულებო! ❤️🎓

        • ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს
          • ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს

            05/09/2026

            ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს — მარიამ ბაიდოშვილსა და დაჩი პოპიაშვილს ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე „დელფინის თასზე“ მიღწეულ წარმატებას!

            მარიამმა 8 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო დაჩიმ თავის ასაკობრივ ჯგუფში მე-5 ადგილი მოიპოვა და ვაჟებს შორის მე-3 შედეგი აჩვენა.

            ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მათი წარმატებებით!

            განსაკუთრებული მადლობა მათ მწვრთნელს, ბატონ გიორგი კიკილაშვილს, თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.

            ვუსურვებთ მარიამსა და დაჩის კიდევ უამრავ გამარჯვებას!

            დედოფლისწყაროელების მორიგი წარმატება

            ამჯერად ბათუმის საერთაშორისო ტურნირი- დელფინის თასი: მარიამ ბაიდოშვილმა 8 წლიან გოგონებში გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელ გაგვახარა დედოფლისწყაროს ჭადრაკის მოყვარულები.

            ტურნირი ჩატარდა ღია რეჟიმში, ანუ თვითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ვაჟები და გოგონები ერთ ჯგუფში იყვნენ გაერთიანებულნი და შესაბამისად, ყოველ ტურში პროგრამული კენჭისყრით ხვდებოდნენ ერთმანეთს. 7 ტურიდან მარიამს 6 ვაჟთან მოუწია ბრძოლა. მოიგო 4, ერთი ფრედ დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ ვაჟებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე მოჭადრაკესთან (ონისე ჩიტაია) მარიამმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!

            ტურნირში დედოფლისწყაროს ღირსებას მეორე მოჭადრაკეც იცავდა- დაჩი პოპიაშვილი. 8 წლამდე ასაკის ჯგუფში დაჩიმ საერთო სიაში მე-5-ე ადგილი დაიკავა და ტურნირის დებულების შესაბამისად სიგელი და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა. დაჩიმ ვაჟებს შორის მე-3-ე პოზიცია მოირგო და სერიოზული განაცხადი გააკეთა შემდგომ წარმატებებზე. ვულოცავ დაჩის ამ მიღწევას და ვუსურვებ ჭადრაკის ხელოვნების უფრო ღრმად დაუფლებას.

            ტურნირში 18 მოჭადრაკედან 6 გოგონა იყო, 11 ვაჟი (მათგან 7 საზღვარგარეთის მოქალაქე) და სასიხარულოა, რომ 8 წლამდე ასაკის ჯგუფში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა არცერთი საპრიზო ადგილი არ დათმეს.

            ცოტა ხნის წინ, რაჭაში მარიამის გამარჯვებას სკეპტიკოსებმა ეჭვის თვალით შეხედეს. დღეს, ბათუმში მარიამმა დაამტკიცა თავისი ,,მარიამობა“!. მე კი ახლა ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო: ამ ,,ციცქნამ“ თუ გააგრძელა საკუთარ თავთან იმ დოზით მუშაობა, როგორც ამჟამად ახერხებს, მაშინ გჯეროდეთ: მისი სახით მოდის ნონა, ნანა, ნანა, მაია და ,,დაე, იარონ, იარონ, იარონ, ამინ!“

        • მარიამ ბაიდოშვილი - პატარა მოჭადრაკე
          • მარიამ ბაიდოშვილი - პატარა მოჭადრაკე

            05/09/2026

            ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა მოსწავლემ, მარიამ ბაიდოშვილმა, კვლავ მიაღწია წარმატებას ჭადრაკში!

            ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას, გამარჯვებასა და წინსვლას!

            განსაკუთრებული მადლობა და მილოცვა მარიამის მასწავლებელს, ბატონ გიორგი კიკილაშვილს, თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.

            ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლით და გვჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვებაა!

            მივმართავ დედოფლისწყაროს ჭადრაკის მოყვარულებს, დაიმახსოვრეთ: მარიამ ბაიდოშვილი!!!

            1-7 აგვისტოს ამბროლაურში გაიმართა საჭადრაკო ფესტივალი: რაჭა- 2026 (საერთაშორისო ტურნირი), სადაც 8 წლამდე ასაკის გოგონათა ჯგუფში გამარჯვებულია ქ. დედოფლისწყაროში მცხოვრები ჭადრაკის წრის მოსწავლე მარიამ ბაიდოშვილი. მივულოცოთ მას ეს წარმატება!

            გასახარია აღნიშნული ფაქტი იმითაც, რომ მარიამმა 7 ტურიდან შვიდივე მოიგო და არავითარი შანსი არ დაუტოვა მის ჯგუფში მოთამაშე 2026 წლის საქართველოს ჩემპიონს (მარიამ მიქაძე), სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ თანატოლებს.

            მარიამი ტურნირზე შეხვდა მის ჯგუფში მოთამაშე ყველა პრიზიორს და ჩემპიონობის კანდიდატს და სიხარულით მინდა ავღნიშნო, რომ არც-ერთთან უარესი პოზიციიდან არ ,,დაუძვრენია" თავი, არამედ იგი დასაწყისშივე (დებიუტი) შემტევ პოზიციას ამჯობინებს და საოცარი ფილიგრანული საჭადრაკო ტექნიკის გამოყენებით ახერხებს მოწინააღმდეგის დაშამათებას!

            მარიამი წელი და 3 თვეა ეუფლება ჭადრაკის სიბრძნეს. არის უაღრესად თავმდაბალი, ნაკლებად ემოციური, ნაყოფიერი ფიქრით დაჯილდოვებული, ჭადრაკის დაფის 64-ვე უჯრის მაკონტროლებელი უნარით შემკული ,,ციცქნა" მოჭადრაკე!

            უნდა აღინიშნოს მარიამის ძლიერი ნებელობითი მხარე, რომლის წყალობითაც იგი პედაგოგის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავთან დღეში სამ საათზე მეტს მუშაობს ჭადრაკის ,,ლაბირინთების" დაძლევის ხერხებზე და აი, შედეგმაც არ დააყოვნა!

            კიდევ ერთხელ მივულოცოთ მას ეს წარმატება და ღვთის დიდებისათვის ვუსურვოთ დედოფლისწყაროს, ქიზიყის და მთლიანი საქართველოს შემდგომი წარმატებები, ამინ!!!

        • მოგზაურობა ყაზბეგში
          • მოგზაურობა ყაზბეგში

            05/09/2026

            დამთავრდა ჩვენი დაუვიწყარი ოთხდღიანი მოგზაურობა ყაზბეგში – საოცარ ადგილას, სადაც ბუნების სილამაზე, სიმშვიდე და სუფთა ჰაერი ბედნიერებითა და დადებითი ემოციებით გავსებს.

            დიდი მადლობა, სპმთპ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ მაყვალა მაძღარაშვილს, თანადგომისა და მზრუნველობისთვის. ის ყოველთვის ჩვენს გვერდით არის.

            მადლობა ამ ლამაზი დღეებისთვის, ემოციებისთვის და მოგონებებისთვის,
            როგორც ყოველთვის, საოცარი დღეები გავატარეთ ყაზბეგში. ბუნების სილამაზე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და დაუვიწყარი ემოციები – ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდებით.მადლობა ამ ულამაზეს მოგზაურობასა და ერთად გატარებული ბედნიერი წუთებისთვის.

        • ქეთევან ყაჭაშვილს ვულოცავთ FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტობას!
          • ქეთევან ყაჭაშვილს ვულოცავთ FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტობას!

            05/09/2026

            კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეს ქეთევან ყაჭაშვილს FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტობას!

            უკვე სულ მალე იგი ერთი სასწავლო წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. დარწმუნებული ვართ, ეს წელი მისთვის ახალი ცოდნით, საინტერესო გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით იქნება სავსე.

            მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის საზოგადოებას პერიოდულად გაუზიარებს ამერიკაში მიღებულ გამოცდილებას, შთაბეჭდილებებსა და საინტერესო ისტორიებს.

            ვუსურვებთ წარმატებებს, ბედნიერ მოგზაურობას და დაუვიწყარ თავგადასავალს!

        • სკოლის სახელით გულითად მადლობას გიხდით
          • სკოლის სახელით გულითად მადლობას გიხდით

            05/09/2026

            წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის სახელით გულითად მადლობას გიხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს — წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს იმ დიდი სიყვარულისთვის, თბილი სიტყვებისა და გულწრფელი ემოციებისთვის, რომლებიც სკოლის, პედაგოგიური კოლექტივსა და ჩვენი უძვირფასესი დირექტორის მიმართ გამოხატეთ. ✨
            ✨ თქვენი სტუმრობა ჩვენთვის მხოლოდ შეხვედრა არ ყოფილა — ეს იყო სიყვარულით, სითბოთი და ქრისტიანული ძმობით გამთბარი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საერთო სარწმუნოება, ერთგულება და კეთილგანწყობა ადამიანებს უხილავი, მაგრამ მტკიცე ძაფით აკავშირებს. 🙏
            🏫 უდიდესი სიხარულია, როდესაც ჩვენი სკოლის ოჯახური გარემო, ურთიერთპატივისცემა და გულით გაზიარებული სიყვარული სტუმრების გულშიც ასეთ ნათელ კვალს ტოვებს. სწორედ ასეთი შეხვედრები გვაძლიერებს, გვამხნევებს და გვარწმუნებს, რომ სიკეთე ყოველთვის მრავალგზის ბრუნდება. 
            💐 განსაკუთრებული მადლობა თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღის სილამაზისა და სულიერი სიხარულის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
            🤝 გვწამს, რომ ჩვენი მეგობრობა და სულიერი ერთობა მომავალშიც გაგრძელდება და უფლის წყალობით კიდევ მრავალ მადლიან შეხვედრას ერთად ვიზეიმებთ.
            უფალი იყოს ჩვენი მეგობრობისა და ერთობის მარადიული შემწე!

        • დრო მიდის, მონატრება კი უცვლელია...
          • დრო მიდის, მონატრება კი უცვლელია...

            05/09/2026

            დღეს 19 ივნისია — მეუფე დიმიტრის დაბადების დღე. უკვე ოთხი წელია, რაც ამ დღეს სევდით, უსაზღვრო მონატრებითა და მადლიერებით ვხვდებით.

            ფიზიკური განშორების ტკივილი კვლავაც ცოცხალია, თუმცა მას მეუფის დატოვებული სულიერი მამობის ხსოვნა და უპირობო სიყვარული ათბობს.

            მეუფე დიმიტრიმ წარუშლელი კვალი დატოვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და ჩვენი სკოლის ცხოვრებაში.

            მისი მზრუნველობა და ქრისტიანული თავდადება დღესაც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში.

            ვიხსენებთ მას ცრემლითა და ტკივილით, ვლოცულობთ მისი სულისთვის და მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მისი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ ვცხოვრობდით.

            მარადიული ხსოვნა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის!

            დაბადების დღეს გილოცავთ, მეუფეო! თქვენ მუდამ ჩვენს გულებში ხართ...