სიახლეები

          • 05/09/2026

            წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის სახელით გულითად მადლობას გიხდით ჩვენს ძვირფას სტუმრებს — წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს იმ დიდი სიყვარულისთვის, თბილი სიტყვებისა და გულწრფელი ემოციებისთვის, რომლებიც სკოლის, პედაგოგიური კოლექტივსა და ჩვენი უძვირფასესი დირექტორის მიმართ გამოხატეთ. ✨
            ✨ თქვენი სტუმრობა ჩვენთვის მხოლოდ შეხვედრა არ ყოფილა — ეს იყო სიყვარულით, სითბოთი და ქრისტიანული ძმობით გამთბარი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საერთო სარწმუნოება, ერთგულება და კეთილგანწყობა ადამიანებს უხილავი, მაგრამ მტკიცე ძაფით აკავშირებს. 🙏
            🏫 უდიდესი სიხარულია, როდესაც ჩვენი სკოლის ოჯახური გარემო, ურთიერთპატივისცემა და გულით გაზიარებული სიყვარული სტუმრების გულშიც ასეთ ნათელ კვალს ტოვებს. სწორედ ასეთი შეხვედრები გვაძლიერებს, გვამხნევებს და გვარწმუნებს, რომ სიკეთე ყოველთვის მრავალგზის ბრუნდება. 
            💐 განსაკუთრებული მადლობა თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს, მშობელსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღის სილამაზისა და სულიერი სიხარულის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
            🤝 გვწამს, რომ ჩვენი მეგობრობა და სულიერი ერთობა მომავალშიც გაგრძელდება და უფლის წყალობით კიდევ მრავალ მადლიან შეხვედრას ერთად ვიზეიმებთ.
            უფალი იყოს ჩვენი მეგობრობისა და ერთობის მარადიული შემწე!

          • 05/09/2026

            დღეს 19 ივნისია — მეუფე დიმიტრის დაბადების დღე. უკვე ოთხი წელია, რაც ამ დღეს სევდით, უსაზღვრო მონატრებითა და მადლიერებით ვხვდებით.

            ფიზიკური განშორების ტკივილი კვლავაც ცოცხალია, თუმცა მას მეუფის დატოვებული სულიერი მამობის ხსოვნა და უპირობო სიყვარული ათბობს.

            მეუფე დიმიტრიმ წარუშლელი კვალი დატოვა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასა და ჩვენი სკოლის ცხოვრებაში.

            მისი მზრუნველობა და ქრისტიანული თავდადება დღესაც ცოცხლობს თითოეული ჩვენგანის გულში.

            ვიხსენებთ მას ცრემლითა და ტკივილით, ვლოცულობთ მისი სულისთვის და მადლობას ვწირავთ უფალს, რომ მისი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ ვცხოვრობდით.

            მარადიული ხსოვნა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის!

            დაბადების დღეს გილოცავთ, მეუფეო! თქვენ მუდამ ჩვენს გულებში ხართ...

          • 03/07/2026

            ისტორია, რწმენა და თავდადება!

            ქვეყნის სულიერი სიმტკიცე მის მესაჭეებზე დგას. ამ ვიდეოში ნახავთ უნიკალურ კადრებსა და შეჯამებას ორი გამორჩეული მწყემსმთავრის მოღვაწეობისა:

            * უწმინდესი და უნეტარესი ილია II – ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა.

            * ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის ერთგული მსახური, რომლის ღვაწლიც თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითოა.

            აღსანიშნავია, რომ ეს ემოციური შეჯამება პატრიარქის დაარსებულ სკოლაში, მეუფე დიმიტრის აღზრდილმა მოსწავლეებმა მოამზადეს მასწავლებლებთან ერთად!

            ღონისძიების მთავარი სლოგანი – „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ – დღეს კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს და თითოეულ ჩვენგანს ერთობისკენ მოგვიწოდებს.

            ეს არის განვლილი გზა, თავდადება და ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის გაძლიერებისთვის გასწიეს – ისტორია, რომელიც თითოეულ ქართველში აღძრავს სიამაყეს, სიყვარულსა და რწმენას.

            უყურეთ სრულ ვიდეოს იუთუბზე, გაუზიარეთ მეგობრებს და ერთად შევიგრძნოთ ეს სულიერი ერთობა:

          • 03/07/2026

            როგორც ყოველ წელს, დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით. მიმდინარე სასწავლო წლის შედეგებით, ჩვენს სკოლას ჰყავს 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატი.

            ეს მიღწევა მათი დაუღალავი შრომის, პასუხისმგებლობის, ცოდნისადმი სიყვარულისა და მიზანდასახულობის ნათელი მაგალითია. თითოეული წარმატება არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ მისი ოჯახის, მასწავლებლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

            გულითადად ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ, რომ მათი მომავალი გზა სავსე იყოს ახალი შესაძლებლობებით, გამარჯვებებითა და ღირსეული მიღწევებით.

            გვეამაყებით და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სკოლას!

          • 03/07/2026

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეების შეუდარებელ, ტურფა მთა-ბარს უამრავი მზრუნველი სიტყვა, დალოცვა თუ ფიცი მიუძღვნეს. წინაპართა ნასისხლარ მიწა, ლამპრად და ხატებად ქცეულ ქართულ წესებს და ადათებს ხალხური საკრავებით მიუალერსეს. მათი უსასრულო ნატვრა ხომ ყველა ქართველისთვის სულისშემძვრელია: ,,ღმერთო, ერთხელ სიკვდილამდე შემაგებე აფხაზეთში გათენებულ საქართველოს!" ქართული ცეკვებით ანთებული სცენა ღონისძიების დასასრულს საქართველოს რუკის დანაწევრებული კუთხეების აწყობით დამშვენდა. დაე, ასეთი სიამაყით გაგებრწყინებინოთ საქართველოს მომავალი! პედაგოგი ნანა ზურაშვილი

          • 10/06/2026

            ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ სურენ ტუმასიანმა კიდევ ერთხელ გაგვახარა, მან კიკბოქსინგისა და ტაიბოქსინგის XXXIII-ე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე დაიკავა დამსახურებული პირველი ადგილი. ვულოცავთ სურენას და მომავალშიც ულევ წარმატებებს ვუსურვებთ.

          • 10/06/2026

            ანამარია გონაშვილი, მარიამ ბაიდოშვილი, ნატალია სესიტაშვილი, გაბრიელ დავითაშვილი, მარიამ დავითაშვილი, სანდრო კიკილაშვილი და მარიამ თეთვაძე მონაწილეობას იღებენ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "ნახატები ბიბლიურ თემებზე". 5 ივნისს გაიმართა II ტური_ "ხატვის დღე". მოსწავლეებს წაუკითხეს ამონარიდი ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვითაც კონკურსანტებმა შეასრულეს ნახატი. ჩვენს მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებებს! პედაგოგი ქეთევან საბიაშვილი.

          • 10/06/2026

            დასრულდა ორთვიანი მედიაწიგნიერების პროექტი — საინტერესო, შემეცნებითი და მრავალი სასიამოვნო ემოციით სავსე პერიოდი, რომელმაც მონაწილეებს ახალი ცოდნა, გამოცდილება და საინტერესო შთაბეჭდილებები შესძინა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო როგორც მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას, ასევე სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას.

            განსაკუთრებული მადლობა პროექტის ორგანიზატორს, ნათია კოხოძეს, საინტერესო, შინაარსიანი და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელებისთვის, ასევე სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლების გაერთიანებისა და სასიამოვნო, მეგობრული გარემოს შექმნისთვის.

            პროექტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც ამ საინტერესო და ნაყოფიერი პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დასასრული გახდა.

          • 10/06/2026

            საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და ისტის კათედრის ორგანიზებით მე-8,9,10,11 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა. კონკურსს შედეგების მიხედვით პირველი, მეორე და მესამე ადგილი მერვე კლასელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს. ოლიმპიადაში მონაწილეებმა გამოამჟღავნეს საგნობრივი ცოდნა და ლოგიკური აზროვნება. პირველი ადგილი - მარიამ ყაჭაშვილი. მეორე ადგილი - თათული ნადირაშვილი და ბარბარე ბეჟაშვილი.მესამე ადგილი - ქეთევან ჯინაშვილი და ნინო ზურიკაშვილი. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს მიღწეულ შედეგებს. ვუსურვებთ მომავალში წარმატებებს ცოდნის გაღრმავებას და მიზნების მიღწევას.

          • 10/06/2026

            მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიაზე გაიმართა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის „დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილებებზე“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

            სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა სკოლის XI კლასის მოსწავლემ ელენე გიგაურმა, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი ხედვა და გარემოსდაცვითი საკითხებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

            კონკურსში აქტიურად მონაწილეობდნენ ასევე IX კლასის მოსწავლე ანამარია ფიროსმანაშვილი და VII კლასის მოსწავლე მარიამ თეთვაძე, რომლებმაც მნიშვნელოვანი ინტერესი და ჩართულობა გამოავლინეს კლიმატის ცვლილებებისა და ბუნების დაცვის საკითხების მიმართ.

            დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდა მოსწავლეთა პედაგოგი ნინო მეხრიშვილი, რომელიც მუდმივად უწყობს ხელს მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში მათ ჩართვას.

            სკოლა მადლობას უხდის ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას კონკურსის ორგანიზებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის, ასევე ნათია ზურაშვილი თანამშრომლობისა და ყურადღებისთვის.

            ვულოცავთ ელენე გიგაურს დამსახურებულ გამარჯვებას, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს ვუსურვებთ მომავალშიც წარმატებებს, ახალ შესაძლებლობებსა და საინტერესო მიღწევებს!

          • 10/06/2026

            22-26 მაისს გურჯაანის ტექნოპარკში მიმდინარეობდა საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას იღებდა 20 მოსწავლე. ისინი გადანაწილდნენ ჯგუფებში სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად და დემო დღეს წარმოადგინეს საინტერესო ინოვაციური პროექტები. ჟიურის მოწონება დაიმსახურა პროექტმა ,,ჭკვიანი ხიდი", რისთვისაც ჩვენს სკოლას გადაეცემა არდუინოს ორი კომპლექტი. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ სარწყავი სისტემის პროექტით. დღეს მეტად საყურადღებოა პროექტები მწვანე ინჟინერიის მიმართულებით. ჩვენმა მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს ოთხი პროექტი და პროტოტიპების მეშვეობით აჩვენეს მათი მუშაობის პრინციპი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ტექნოლოგიურ კვირეულში წარმატებულ მონაწილეობას. სკოლა შემდგომშიც გააგრძელებს მოსწავლეთა ხელშეწყობას STEM მიმართულებით.

          • 05/06/2026

            დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე _5 კლასის მოსწავლის, დემეტრე ბეჟაშვილის, განსაკუთრებული წარმატება!

            დემეტრემ მონაწილეობა მიიღო LingoStar 2026-ის ინგლისური ენის კონკურსში, წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირების ეტაპები და გასაუბრება, სადაც მაქსიმალური ქულა მოიპოვა. მიღწეული შედეგით იგი მოხვდა ტოპ 10-ში, გადავიდა სუპერფინალში და მოიგო LINGOSTAR Global Leadership Camp-ის საგზური!

            ეს ბანაკი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილება, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, განივითარონ ლიდერული უნარები და ჩაერთონ მრავალფეროვან აქტივობებში მათ შორის გუნდურ მუშაობაში, საჯარო გამოსვლებში, ინოვაციურ სესიებში, AI Lab-ში და გლობალური მოქალაქეობის თემებზე ტრენინგებში.

            ვულოცავთ დემეტრეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას! ვუსურვებთ წარმატებებს და კიდევ ბევრ გამარჯვებას მომავალში!

          • 05/06/2026

             

            ჩვენი პატარა პირველ კლასელები ანბანის ჯადოსნურ სამყაროს დაემშვიდობნენ და ცოდნის ახალ გზაზე გადადგეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს დღე სავსე იყო ღიმილით, ემოციებით, ლექსებითა და სიმღერებით. თითოეულმა ბავშვმა გვაჩვენა, როგორ გაიზარდა და რამდენად ლამაზად დაუმეგობრდა ქართულ ანბანს. ვულოცავ ჩვენს ჭკვიან, მონდომებულ და წარმატებულ მოსწავლეებს ანბანის დღესასწაულს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო წიგნი, ახალი სიტყვა და წარმატება გელოდებათ. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის და ყველას, ვინც ეს დღე განსაკუთრებულად აქცია.

          • 27/05/2026

            სიხარულითა და დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის — ლიკა ტოკლიკიშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება!

            ლიკა სწავლობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და აქტიურად აგრძელებს როგორც პროფესიულ, ისე სტუდენტურ განვითარებას.

            იგი არის: უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის I ვიცე-პრეზიდენტი SANGU-ს ელჩი

            მისი შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, აქტიურობა და საკუთარი საქმის სიყვარული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით დაფასდა — ლიკამ მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტში, სადაც სწავლობს.

            ამჟამად ლიკა თავად უნივერსიტეტმა დაასაქმა SANGU-ს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელად.

            ეს წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახულობა, მუდმივი განვითარება და მონდომება აუცილებლად იძლევა შედეგს.

            გვიხარია და გვეამაყება, როდესაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ასეთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ და ღირსეულად აგრძელებენ საკუთარი მომავლის შენებას.

            ვულოცავთ ლიკას ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას, წინსვლასა და ახალ გამარჯვებებს!

          • 27/05/2026

            მ/წ 24 მაისს ქ. თელავში ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში. სადაც, მუნიციპალურ დონეზე გამარჯვებული 8 გუნდი იბრძოდა რესპუბლიკური ტურნირის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის საგზურისათვის.

            დედოფლისწყაროს ღირსებას იცავდნენ წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის სკოლის მე-2-ე კლასის მოჭადრაკეები: პირველ დაფაზე- დაჩი ბუზარიშვილი, #2- მელანია ლობჯანიძე, #3- დაჩი პოპიაშვილი, #4- მარიამ ბაიდოშვილი. ეს ნიჭიერი ბავშვები ამავროულად, ბატონი გოგი კიკილაშვილის ჩემი შეგირდები არიან. მათმა ჭადრაკისადმი სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო:- ჩატარდა მე-4-ედ ფინალი, ნახევარ ფინალი, ფინალი და ყველა მათგანში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს 4:0 ანგარიშით.

            ვულოცავთ, ჩვენ ნიჭიერ ბავშვებს, სკოლას, ჭადრაკის პედაგოგს- თეა უჩავას, ბატონ გოგი კიკილაშვილს და მოჭადრაკეთა მშობლებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

          • 27/05/2026

            დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სკოლამ კიდევ ერთი წარმატებული, აქტიური და ნიჭიერი კლასი სიყვარულითა და სიამაყით გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

            ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, წინ გელით ახალი გამოწვევები, დიდი მიღწევები და მნიშვნელოვანი გამარჯვებები. გვჯერა, რომ ღირსეულად გამოიყენებთ სკოლაში მიღებულ ცოდნას, განავითარებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გაამართლებთ სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინებს.

            არ დაივიწყოთ მეუფე დიმიტრისა და მეუფე თეოდორეს ღირებული რჩევები — მიენდეთ უფალს, იშრომეთ მიზანმიმართულად და არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება.

            გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ უამრავ წინსვლას, ყველა ოცნების ასრულებასა და მიზნის მიღწევას!

            გისურვებთ, იყოთ ღირსეული, წარმატებული, ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ მოღვაწე ადამიანები.

            განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მასწავლებელს დაუღალავი შრომისა და გულისხმიერებისთვის, ხოლო მშობლებს — სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

            დედა ღვთისმშობელმა გაგიკვალოთ გზა წარმატებისკენ, თავისი კალთა გადმოგაფაროთ, ხოლო უფალი იყოს თქვენი მფარველი და შემწე ყოველ კეთილ საქმეში!

          • 13/05/2026

            საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეათე ეროვნული კონკურსი.
            მადლობა ნინო მასწავლებელს და თითოეულ ბავშვს.